მთავარი ბიოგრაფია ვიდეო აუდიო მედიტაციები

ფესტივალი "ღამის სერენადები"-2025


ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" საზეიმოდ გაიხსნა 20 აგვისტოს, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში", ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით. საღამოს სოლისტი იყო მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რომელსაც თანხლებას უწევდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე). პროგრამაში შესრულდა ნინო როტას „მიძღვნა ფედერიკო ფელინის", რობერტო დი მარინოს „Meditazione" და „Tango Trentino", ასევე ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები – „გაზაფხული" და „შემოდგომა" ციკლიდან „ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი", „Vuelvo al Sur", „Milonga del Angel" და „Ave Maria". სპეციალურ ნომრად წარმოდგენილი იყო „Libertango"-ს ვოკალური ვერსია ახალგაზრდა ქართველი მომღერლის, მარიამ ბუგიანიშვილის მონაწილეობით.
ფესტივალი გაგრძელდა ბათუმში, სადაც 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ფოიეში გაიმართა პრესკონფერენცია, ხოლო 22, 24 და 26 აგვისტოს ჩატარდა სამი კონცერტი.
22 აგვისტოს საღამო „მორიკონე – კინოს ლეგენდა" მიეძღვნა ენიო მორიკონეს მუსიკას. საქართველოს პირველად ეწვია იტალიელი საყვირის ოსტატი ნელო სალცა, რომელმაც მაესტროს უკვდავი თემები შეასრულა და გაიხსენა მასთან თანამშრომლობის ისტორია. საღამოზე ასევე აჟღერდა ქართული კინოს მუსიკა – გიორგი ცაბაძეს სიმღერა „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი" და გია ყანჩელის მინიატურები.
24 აგვისტოს პროგრამა „ვივალდის ციებ-ცხელება" წარადგინეს ბაროკოს მუსიკის აღიარებულმა შემსრულებლებმა – ფრანგმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და შვეიცარიელმა ბლოკფლეიტისტმა მორის შტეგერიმ. შესრულდა ანტონიო ვივალდის კონცერტები, ასევე ჰენრი პერსელის, პიეტრო ლოკატელის და იაკობ ვან ეიკის ნაწარმოებები.
26 აგვისტოს ბათუმის დასკვნითი საღამო „ტანგოს სული" გააერთიანა მარიო სტეფანო პიეტროდარკი, თამარ ლიჩელი, სიმებიანი კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები" და ფლეიტისტი ნიკოლოზ ვადაჭკორია.
თბილისის კონცერტები შედგა 9 და 11 ოქტომბერს. კონცერტებმა მაყურებელთა დიდი ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.
tbilisi25.jpg tbilisi252.jpg roma.jpg

ფოტო და ვიდეო გალერეა


eliso.jpg batumi2025.jpg nelo2025.jpg

ფესტივალი "ღამის სერენადები"-2024


ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 2024 წელს 7 კონცერტი შედგა ქ. ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.
პროექტის ფარგლებში მოხდა ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი რეალიზაცია. ფესტივალმა სტარტი აიღო ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი.
შემდეგ ფესტივალმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში. 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა ორი კონცერტი.
23 აგვისტოს ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან ერთად შეასრულა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები.
25 აგვისტოს ვირტუოზმა მევიოლინემ ელვინ ხოჯა განიევმა შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დრონი.
15 სექტემბერს თბილისში გაიმართა ფესტივალის პირველი თბილისური საღამო. 17 სექტემბერს ბრაზილიური მუსიკის საღამო. 18 სექტემბერს ჩეხური მუსიკის საღამო. 20 სექტემბერს — დასკვნითი საღამო.
კონცერტებმა მაყურებელთა მხრიდან დიდი ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო", აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ბათუმის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და იტალიის საელჩო საქართველოში.
tbilisi24.jpg brazilia.jpg

ფოტო და ვიდეო გალერეა


batumi2024 batumi20241

ფესტივალი "ღამის სერენადები"-2023


2023 წელს გაიმართა საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი ღამის სერენადები, რომელმაც მსმენელს მრავალფეროვანი საკონცერტო და საგანმანათლებლო პროგრამა შესთავაზა. ფესტივალი ჩატარდა სამ ქალაქში — ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში — და მოიცავდა ექვს კონცერტს, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ათმა საერთაშორისო და ქართველმა სოლისტმა და საბაზო ორკესტრმა საქართველოს ვირტუოზები.
ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში შესრულდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის ცნობილი კომპოზიტორების — მოცარტის, ბეთჰოვენის, ბრამსის, მენდელსონის, სენ-სანსის, ლისტის, შტრაუსის, სიბელიუსის, სარასატეს, როსინის, პუჩინის, პიაცოლას, თაქთაქიშვილის, ვებერისა და პაგანინის ნაწარმოებები.
თბილისში კონცერტები გაიმართა 22–24 სექტემბერს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო", აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ბათუმის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და იტალიის საელჩო საქართველოში.
tbilisi23.jpg tbilisi232.jpg

ფოტო და ვიდეო გალერეა


batumi2023 batumi20232

ფესტივალი "ღამის სერენადები"-2022

ქალაქ ბათუმში 2022 წლის 25–26 აგვისტოს გამართულ კონცერტებზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორების მრავალფეროვანი პროგრამა. კონცერტებზე შესრულებული ნაწარმოებები სპეციალურად იყო არანჟირებული სოლისტების მიერ: ქეითი მაჰანი (ფორტეპიანო, აშშ) და საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია).
თბილისში 2022 წლის 17 სექტემბერს საქართველოში პირველად შესრულდა გლორია კამპანერის საავტორო პროექტი „ასტორი", რომელიც ასტორ პიაცოლას 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფესტივალის სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიოში ცნობილი მწერალი და მუსიკის კრიტიკოსი ალესანდრო ბარიკო.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი „მუსიკის ზეიმი".

tbilisi2022.jpg

ფოტო და ვიდეო გალერეა


afisha batumi2022

შემოქმედებითი ბიოგრაფია

ლიანა ისაკაძე (დ. 2 აგვისტო, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მევიოლინე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979, 1983, 2002). თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016).

ლიანა ისაკაძე უკვე 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი - მან თავისით ისწავლა დაკვრა როიალზე და კომპოზიცია. ვიოლინო კი მას სრულიად შემთხვევით ერგო - 7 წლის ლიანა ფორტეპიანოს განხრით გამოცდის ჩაბარების დღეს ავად შეიქნა, რის გამოც ერთი კვირის შემდეგ მოუხდა ვიოლინო აეღო ხელში. იგი პროფ. ლეო შიუკაშვილის მოსწავლე გახდა.

3 თვის შემდეგ იგი უკვე მსმენელის წინ უკრავდა. 9 წლის ლიანას აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე დავით ოისტრახი იყო.

12 წლის ასაკში მას 1 პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ლიანა მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე 2 პრემიით დაჯილდოვდა. დ. ოისტრახის დაჟინებითი მოთხოვნით გამოცდების გარეშე მიღებული იქნა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1974 წელს ამსტერდამში დავით ოისტრახი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლიანა ისაკაძის ვიდეო, რომელიც 1960-იან წლებშია გადაღებული. კადრები საქართველოს პირველი არხის „ოქროს ფონდში" ინახება

1965 წელს 18 წლის ლიანამ პარიზში „გრან პრი" და 1 პრემია მოიპოვა. 1970 წელს პ.ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა მოსკოვში (3 პრემია). 1970 წლიდან 1994 წლამდე ლიანა ისაკაძე მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო.

1964-1981 წლებში იგი უკრავდა სტრადივარიუსის ვიოლინოზე. 1965 წლიდან იგი როგორც სოლისტი და დირიჟორი წარმატებით ატარებს კონცერტებს ევროპის პრესტიჟულ დარბაზებსა და ცნობილ ფესტივალებზე.

ტელემუზეუმი ლიანა ისაკაძე, 1960-იანი წლების ჩანაწერი

1988 წელს ვენაში შედგა ლიანა ისაკაძისადმი მიძღვნილი ფესტივალი. მისი საანსაბლო პარტნიორები იყვნენ: გიდონ კრემერი, მაქსიმ ვენგეროვი, იუსტუს ფრანცი და სხვა.

2009 წელს გერმანიის წამყვანმა გაზეთმა "Süddeutsche Zeitung"-მა გამოუშვა ალბომი „საუკუნის მევიოლინეები", სადაც 20 გამოჩენილ მუსიკოსს შორის არის ლიანა ისაკაძეც. ლიანა ისაკაძე შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (კემბრიჯი, 2002).
2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა.
ლიანა ისაკაძე 1998 წელს პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. (იხ.წყარო)

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა 2024 წლის 5 ივლისს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიანა ისაკაძე დირიჟორი

1981 წელს საქართველოს სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ლიანა ისაკაძე მიიპატიჟა ორკესტრის მხატვრულ ხელმძღვანელად და შემდგომ, მთავარ დირიჟორად. ლიანა ისაკაძის დირიჟორობით ორკესტრი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ანსამბლად იქცა.

ლიანა ისაკაძის გამოსვლა ფესტივალზე „მუსიკოსები ხუმრობენ". ჩანაწერი მომზადებულია 1985 წელს

1982 წლიდან ორკესტრი ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით კონცერტებით მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.

2000 წელს ლიანა ისაკაძემ ჩაატარა უნიკალური საკონცერტო მომლოცველობა „პილიგრიმობა საქართველოდან ევროპის გავლით იერუსალიმში".

2009 წელს ლიანა ისაკაძემ ბერლინში დაარსა სამხრეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული კამერული ორკესტრი. ასევე ჩამოაყალიბა ანსამბლ-ორკესტრი „ფეისბუქის ვირტუოზები".

bio


bio


bio


bio

აუდიო ჩანაწერები


SoundCloud










"მუსიკის ზეიმი" მედიტაციები...

"სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკარაცია - ღმერთში!!!"

bookpic

მედიტაციები...

სულელულია ახსნის ყოველგვარი მცდელობა რისთვისაა ყოველივე ეს? ღმერთმა ბუნებას ჩააქსოვა არა ახსნა, არამედ სიყვარული!

***

ღმერთო, შენ თითქოს განმდგარი ხარ ადამიანთაგან. მაგრამ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ დიადი ხარ შენს განმარტოებაში, მაგრამ კიდევ უფრო დიადი - ადამიანთან სიახლოვით.

ის ადამიანი შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად, ვინც ზესამყაროს წარმომადგენელი რჩება სიცოცხლის ყველა გარემოებაში და მასში არ არის გამყოფი კედელი სულსა და თვალებს შორის.

მე ისეთ სიცოცხლეს ვეძებ, სადაც ყოვლის მიზეზი მხოლოდ სიყვარულია. მე აქ სულ მარტოდ ვარ, რადგან მხოლოდ ჩემი გრძნობები მიცავენ, ეს კი არ არის საკმარისი. შენს მხარეზეა აზრი და ენა, ჩემს მხარეზე კი გული.

ყველაზე მეტად ჩვენ ცრემლები გვეხმარებიან. როცა რაიმე გვაკლია, ცრემლები ყოველ წუთს მზად არიან შეავსონ ეს "რაიმე".

როგორი თავისუფლების მომტანია სიყვარულის გრძნობა. ნუ დაუმონებთ გონებას სიყვარულს!

***

რა მცირეს გათვითცნობიერება შეგვიძლია ამაქვეყნად. მასწავლებლის გარეშე ჩვენ სრულიად უსუსურნი ვართ. ღმერთმა არ ქნას და დავიჯეროთ ჩვენი გონების სრულყოფილება — სწორედ იმავე წუთს იფურჩქნება სიყალბე.

***

არსებობდე და იყო თავისუფალი - შეუთავსებელი ცნებებია. ამოირჩიე: ფრთებგაშლილი მისწრაფება - შემოქმედება, თუ მცოცავი მტვრით ამოვსებული პირი.

მეორე ადამიანის სიწმინდე შენი თავშესაფარია - ეძებე იგი და სიცოცხლით არ იქნები შეზღუდული.

***

ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ იმარჯვებენ თავხედნი, თავკერძნი, თვითდაჯერებულნი. შეიცნობს რა ღმერთს, ადამიანი საკუთარი თავის მბრძანებელი ხდება.

სიკვდილი ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ელჩია, იგი ბოროტებას შლის და სატანას მირაჟად აქცევს. მხოლოდ სიკვდილი აფასებს ადამიანის ჭეშმარიტ მნიშვნელობას.

მუსიკა ხელოვნებათა ღერძია. ამიტომ ჭეშმარიტი შემფასებელი მუსიკას გრძნობს ხელოვნების ყოველ სახეში. სულიერება ხომ იდუმალების ხელოვნებაა და მასაც სმენა სჭირდება.

ჭეშმარიტ მუსიკოსს შეუძლია მოეხმაროს მსმენელს შეიცნოს მისი პიროვნების გამოუმჟღავნებელი ნაწილი. წარმოუდგინოს მას სიცოცხლის განცდათა მთელი გამა - აღმაფრთოვანებელი ბედნიერებიდან, დამთრგუნველ ტრაგედიამდე.

ლიანა ისაკაძის მედიტაციების შესახებ

„ლიანას შემოქმედების განსაკუთრებული ხიბლი ისიც არის, რომ მასში დიდ ტკივილთან ერთად ორივე — აზეიმი და გამარჯვება. აქ არის მისი ნიჭის მრავალფეროვნება, სიუხვე და სილამაზე..."

გიორგი ისაკაძე

* * *

"დროდადრო ბუნება წარმოშობს ხოლმე ინდივიდუალურ საოცრებებს, გამორჩეულ პიროვნებებს; ერთ-ერთი ასეთი საოცრებაა ლიანა ისაკაძე"

მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

* * *

ლიანა ისაკაძის უღრმესი რელიგიური აზროვნებისა და ჭვრეტის ნაწარმოებია, რომელსაც თავისი მაღალი სულიერი პოეტიკითა და გულწრფელობით, ამ ჟანრის ნაწარმოებებს შორის ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში.

თამაზ ჩაჩავა

* * *

"მუსიკის ზეიმი" წიგნის პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში


ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი

"ღამის სერენადები"


ფესტივალის მოკლე ისტორია


საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები", რომელიც ლეგენდარულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში დააარსა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული მუსიკალური ფესტივალია. თავდაპირველად ფესტივალი ბიჭვინთაში იმართებოდა. როგორც თავად ლიანა ისაკაძე იხსენებდა, სახელი მოცარტის ნაწარმოების „Eine kleine Nachtmusik" შთაგონებით შეირჩა.
1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით შეწყვიტა არსებობა და აღდგა 2002 წელს, „ხელოვნების ზეიმის" სახელით ქალაქ ბორჯომში.
2009 წლიდან გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების" სახელით. 2015 წლიდან ფესტივალი ტარდება თბილისშიც, 2023 წლიდან კი საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი.
2018 წელს დაფუძნდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები".
ამავე წლიდან ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას უწევს ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
ფესტივალმა „ღამის სერენადებმა" „ქართული ბრენდის დღე 2021"-ის ჯილდო დაიმსახურა ნომინაციაში „წარმატებული საერთაშორისო პროექტი".
2024 წელს ფესტივალს ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
ვიტოვებთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფესტივალი „ღამის სერენადები" დაუბრუნდება თავის საწყისს — საქართველოს განუყოფელ ნაწილს, აფხაზეთს, ბიჭვინთის ტაძარს.

ფოტო გალერეა


logo sabazoorkestri.jpg lianaorkestri.jpg
serenadebi.jpg

ვიდეო

კლასიკური მუსიკა ლიანა ისაკაძესთან ერთად